მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
(წიგნიდან: „ადამიანის ღვთის წინაშე“)
საკითხი აბორტის დაშვებულობის შესახებ მეტყველებს ადამიანის, საერთოდ კაცობრიობის განსაცვიფრებელ უგრძნობელობაზე ადამიანის სიცოცხლის მიმართ. საზარელია ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთდროულად საუბრობენ ადამიანთა სიცოცხლის სიწმინდეზე და იქვე ნებას რთავენ და აკანონებენ აბორტს. მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც აბორტი დაკანონებულია, არავის, დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული ჩვეულებრივი მოქალაქით, არა აქვს უფლება თქვას, რომ ადმაიანის სიცოცხლე სიწმინდეა, რადგანაც აბორტი მკვლელობაა.
იმის თქმა, რომ აბორტი შესაძლებელია გაკეთდეს რაღაც მომენტში მანამდე, სანამ ჩანასახი უკვე ხილულად მიიღებს ბავშვის სახეს, ასევე არ არის მდგომარეობიდან გამოსავალი, ყოველ შემთხვევაში, მორწმუნეთათვის. გვაქვს კი უფლება, ვთქვათ, რომ როდესაც ღვთისმშობელს ჩაესახა ქრისტე მაცხოვარი, რაღაც მომენტამდე – მე-14, მე-18, 28-ე კვირამდე – ის არ იყო ადამიანი და არ იყო დაბადებული ღმერთი? არა, ჩასახვის მომენტშივე ბავშვის ჩანასახი უკვე ადამიანია, მისი განადგურება ადამიანის მკვლელობაა. ამას უნდა შევხედოთ პირდაპირ და სერიოზულად, ამ ვითარებაში არავითარი პატიება არ არსებობს. აბორტი ან ადამიანების აღვირახსნილობის შედეგია, ან მეტყველებს ადამიანის სიცოცხლის მიმართ სრულ უგრძნობელობაზე. ეკლესიის თვალთახედვით, სახარების თვალთახედვით, ან, უბრალოდ, საღად მოაზროვნე კაცობრიობის თვალთახედვით ეს დანაშაულია. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამის თაობაზე.
იმ ქალებმა, რომლებიც აბორტს იკეთებენ, არ იციან, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური. არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც აბორტის შემდეგ ქალი კარგავს ბავშვის შეძენის უნარს; და მაშინ იგი ნამდვილად სასოწარკვეთილებაში ვარდება, მას ერთმევა ის დედობრივი სიხარული, რომელზედაც რაღაც მომენტში უარი თქვა და რაზედაც ახლა სრულიად ამაოდ ოცნებობს.
მაგრამ, ამას გარდა, ფსიქოლოგიურადაც ხდება, რომ ადრე თუ გვიან ცოლ-ქმარი ან ერთი მათგანი გონს მოდის. ისინი უეცრად მიხვდებიან, თუ რა ჩაიდინეს, რომ ის, რაც ჩაიდინეს, გამოუსწორებელია, მათ გაანადგურეს ცოცხალი არსება, წაართვეს სიცოცხლე, რომელსაც თავად ისინი ასე აფასებენ და ასე უყვართ.
ვფიქრობ, ამას შეიძლება დავამატო კიდევ ერთიც მორწმუნისათვის: ხანდახან ისიც ხდება, რომ ადამიანი ცოდვას ჩაიდენს და ეს ცოდვა, ასე თუ ისე, გამოსწორებადია. ადამიანს, რომელთანაც ვიჩხუბეთ, შეიძლება შევურიგდეთ. ბოროტება, რომელიც ადამიანს გავუკეთეთ, ზოგჯერ შეიძლება გამოვასწოროთ, მაგრამ ცოცხალი არსებისათვის სიცოცხლის წართმევა გამოუსწორებელი დანაკარგია. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ შევთხოვოთ უფალს, მიანიჭოს საუკუნო განსვენება ამ სულს, რომელისაც არ მივეცით ხორცშესხმისა და ცოცხალ ადამიანად ქცევის საშუალება. ვფიქრობ, აქ არის იმედის რაღაც ნაპერწკალი. მართლაც, ღვთის წინაშე, ყოველი ჩასახული არსება ცოცხალი არსებაა; საჭიროა მისთვის ლოცვა და სინანული სიცოცხლის ბოლომდე იმის გამო, რომ ცოცხალ არსებას მოესწრაფა სიცოცხლე ქარაფშუტობის, ბიწიერების, რაღაც სხეულებრივი თუ სულიერი გაუმაძღრობის გამო. ეს მონანიების საქმეა. მაგრამ მონანიება უაზრობაა, თუკი მას ნაყოფი არ მოაქვს; როდესაც ამბობენ, რომ კვლავ აქვს ადგილი განმეორებით აბორტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ვერ გააცნობიერა, ჯერ ვერ მიხვდა, თუ რა ჩაიდინა. მონანიების შედეგი უნდა იყოს შეგნება, რომ ამის ჩადენას ადამიანი ვეღარასოდეს ვეღარ შეძლებს.