(წინამდებარე სტატიის შემოკლებული ვერსია დაიბეჭდა ჟურნალ “კარიბჭეს” № 4 (220) 2013 წლის 14-27 თებერვლის ნომერში გვ.50)
შესავალი
ჩუენი უფლის იესო ქრისტეს გენეალოგიაზე საუბრის დაწყებამდე წმიდა იოანე ოქროპირი მიგვითითებს იმის შესახებ თუ რა შეკითხვები შეიძლება წარმოიშვას: “ხოლო იმისათვის, რომ ჩვენი სიტყვები ადვილადგასაგები იყოს, გთხოვთ და გარწმუნებთ, წინასწარ გადავიკითხოთ წიგნის ის ნაწილი[1], რომლის განმარტებასაც ვაპირებთ. დაე გააზრებას წინ უძღოდეს კითხვა… ეს დიდად გაგვიადვილებს საქმეს. აი ნახე, მაგალითად, რამდენი გაუგებრობა იბადება სახარების დაწყებისთანავე. პირველ რიგში, რატომაა გადმოცემული გენეოლოგია იოსებისა, რომელიც ქრისტეს მამა არ ყოფილა? მეორე, საიდან უნდა მივხვდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალია, როდესაც არ ვიცით, ვინ იყვნენ მარიამის, მისი მშობლის წინაპრები, მარიამის წარმომავლობა ხომ არ არის მითითებული? მესამე, რატომაა მოცემული იოსების გენეოლოგია, რომელსაც შობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო რომელი მშობლებისაგან, პაპისა და პაპისპაპებისაგან მოდიოდა ქალწული, რომელიც იყო დედა ქრისტესი, არ არის ნათქვამი? გარდა ამისა კვლევის საგანია ისიც, თუ რატომ მოხდა, რომ მახარებელმა გენეოლოგიის მამაკაცთა ხაზით აღწერისას, ზოგიერთი დედაკაციც მოიხსენია? შემდეგ: თუკი ის ამგვარად განსჯიდა, რატომ არ ჩამოთავალა ყველა ქალი, და მაშინ, როდესაც არაფერი თქვა ღირსახსოვარ, სარრაზე, რებეკაზე და სხვა მათ მსგავს ქალებზე, წარმოაჩინა მხოლოდ თავიანთი ცოდვებით ცნობილნი: მეძავი, მრუში, უცხოტომელი და უცხოქვეყნელი? სწორედ ისინი ახსენა მან: ურიას ცოლი, თამარი, რააბი და რუთი. რომელთაგან უკანასკნელი იყო უცხოტომელი, მეორე – მეძავი, მესამეს მამამთილთან ჰქონდა კავშირი და ამასთან არაკანონიერი ქორწინებით, არამედ სარეცელი სიძვის ვნებით დაიპყრო; რაც შეეხება ურიას ცოლს, მას ყველა იცნობს მისი უწესო დანაშაულით. და მაინც მახარებელმა, სხვა ყველას გვერდი აუარა და გენეოლოგიაში მხოლოდ ეს ქალები მოიხსენია. თუკი ქალების მოხსენიება საჭირო იყო, მაშინ უნდა ხსენებულიყო ყველა, თუკი არა – ყველა და მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, მაშინ – სათნოებებით ცნობილნი და არა – ცოდვებით. ხედავთ, რაოდენი ყურადღება გვესაჭიროება, უკვე სახარების დასაწყისშივე? თუმცა ზოგიერთს ეს დასაწყისი დანარჩენზე მეტად გასაგებად ეჩვენება, ზოგიერთს კი სრულიად ზედმეტი, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ სახელთა ჩამონათვალად მიიჩნევს. შემდეგ, კვლევას იმსახურებს ისიც, თუ რატომ არაფერი თქვა მათემ სამი მეფის შესახებ. თუკი დადუმდა მათ შესახებ, როგორც ყველაზე უზნეოებზე, მაშინ აღარც სხვები – მათი მსგავსნი უნდა ეხსენებინა. აი, კიდევ ერთი კითხვა წარმიშვა: რატომაა, რომ მახარებელმა, რომელმაც გენეოლოგია ნაწილებად დაჰყო და თითოეულში თოთხმეტი თაობა შეიყვანა, ეს წესი პირველ ორ ნაწილზე დაიცვა, ხოლო მესამეში ეს რიცხვი აღარ დაიცვა? შემდგომ: რატომაა, რომ ლუკა იხსენიებს სხვა სახელებსაც და არა მარტო იმათ, ვინც მათემ მოიხსენია და თუმცა გაცილებით მეტს ახსენებს, ყოველ მათგანს არ იხსენიებს, ვისზეც მათე ლაპარაკობდა. მათემ კი ნაკლები სახელები მოიტანა და თანაც სრულიად სხვა, თუმცა გენეოლოგია მაინც იოსებზე დაასრულა, ისევე როგორც – ლუკამ. ნახეთ, რაოდენი სიფხიზლე გვესაჭიროება, არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაუგებრობა გავარკვიოთ, არამედ იმისთვისაც, რომ მივხვდეთ, რა საკითხები მოითხოვს გადაჭრას”.[1]
„წიგნი შობისა იესო ქრისტესი“[2]
წიგნი შობისა. – აქ მათე მახარებელი არ იყენებს სიტყვებს: „ხილვა“ ან „სიტყვა“ წინასწარმეტყველთა მსგავსად, მაგ. როგორც დაწერილია: „ხილვა რომელი იხილა ესაია“[3] ან: „სიტყვა რომელი იყო ესაიასადმი“,[4] არამედ წერს წიგნი შობისა, რადგან წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე და კეთილგონიერ ხალხს მიმართავს, თან მას არც ხილვა ჰქონია, არამედ გრძნობისმიერად იყო და ჭვრეტდა ჩვენს უფალს.[5]
ზოგიერთთა აზრით პირველი გამოთქმა „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“ საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას.[6] ეს მოსაზრება არ უნდა იყოს უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათე მახარებელი ებრაელთათვის წერდა, იმ პერიოდისთვის კი ებრაული ტრადიციით ყოველ ტომს გააჩნდა საკუთარი გენეალოგია.
წიგნი შობისა იესო ქრისტესი. – სიტყვა იესო (ებრაულად – „იეშუა“) განიმარტება როგორც: „მხსნელი“, „მაცხოვარი“. უფალთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის გამოხატავს კაცთა მოდგმის ხსნის, ცხოვნების მის მიერ აღსრულებულ საქმეს.[7] ხოლო ზედსართავი სახელი „ქრისტე“- ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს „ცხებულს“,ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა „მაშიაჰ“ – „მესია“, რის გამოც უფალი ჩვენი იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.[8]
ძველ დროში ქრისტეებად მეფეები და მღვდელმთავრები იწოდებოდნენ, რადგანაც მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ კურთხევისას, ზეთს რომელიც რქაში იდგა და საკურთხებელი პიროვნების თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე.[9]
როგორც წმიდა მამა ირინეოს ლეონელი მოგვითხრობს: „სახელში ქრისტე იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც,რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძალით მცხო მე“,[10] აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულიწმიდა“.[11]
გენეალოგიაში მოხსენიებულ და გამოტოვებულ პირთა შესახებ
„ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“.[12] – იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა.[13] მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ ასახელებს მახარებელი პირველად დავითს და შემდეგ აბრაამს? აბრაამი ხომ დავითამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა და პირველმაც მან მიიღო აღთქმა, ხოლო შემდეგ დავითმა, თან მახარებელი უშუალოდ გენიალოგიაზე გადასვილსას ხომ აბრაამით იწყებს პიროვნებათა სახელების ჩამოთვლას და შემდეგ ახსენებს დავითს? როგორც ჩანს მათე მახარებელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დავითისადმი მიცემული აღთქმა მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვდებოდა, როგორც ეს აბრაამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, არამედ იგი უფრო კერძო იყო და დავითის სახლს ეკუთვნოდა. პირველად დავითის დასახელებით მახარებელს სურს აჩვენოს ებრაელებს, რომ სწორედ იმ მესიაზე საუბრობს, რომელსაც იუდეველები მოელოდნენ, როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრეს.[14]
აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; [15]
რატომ მოიხსენია წმიდა მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა – ისმაილზე და არც იაკობის ძმა – ესავზე?
„ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე – წინაპართაგან. მაგრამ მე ამას არ ვიტყოდი: ეს თუ ასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისაგან წარმოდგება, არაფერი ჰქონიათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი. აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება“.[16]
საინტერესოა რა აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც მახარებელი მაცხოვრის გენეალოგიაში ისეთ მდედრობით პირებს იხსენიებდა როგორების იყვნენ: თამარი, რექაბი, რუთი და და დავით მეფის უკანონო ცოლი, რომელიც მან ურიას წაართვა?
წმიდა იოანე ოქროპირი გაკვირვებით წამოიძახებს: “რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლის შერევის ისტორიას რომ გვახსენებ?“[17] და იქვე თვითონვე პასუხობს თავისსავე წამოძახილს: „განკაცებული ღმერთის გენეალოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისთვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი.“[18]
ზემოთ ხსენებულ დედაკაცთა ისტორია ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლა კი ყურადღება მხოლოდ თამარზე გავამახვილოთ, რომელმაც იუდას ორი ტყუპი ვაჟი უშვა, ფარეზი და ზარა. განმმარტებელთა აზრით, მახარებელი აქ ორივე პიროვნებას იმიტომ ასახელებს, რომ ისინი ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის – იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.
და ბოლოს: „როცა ასეთი დედაკაცნი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს; რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძვნება, არამედ – ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას… ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ ებრაელთათვის კი არა, არამედ ყოველი ხალხის საცხოვნებელად მოევლინა, ყოველგვარი გვარტომობისა და წარმომავლობის, ღირსებისა და სქესის მიუხედავად.[19]
სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.[20]
იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის – ოქოზიას, იოასისა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის… განმმარტებლები მიიჩნევენ რომ მახარებელმა ეს მეფეები მათი წარმომავლობის გამო გამოტოვა, რადგან ისინი ეკუთვნოდნენ აქაბის გვარს, მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, – ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება.[21] მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს – იოაკიმეს შეეხება. მიიჩნევენ რომ ეს გამოტოვება გადამწერთა ბრალი უნდა იყოს, იოაკიმესა და იექონიას სახელთა მსგავსების გამო. ამიტომ მიიჩნევენ რომ მათე მახარებლის ეს ადგილი შემდეგნაირად უნდა იქნას წაკითხული: იოაკიიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა. ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს ან თყვეობაში გადასახლების წინ[22] ისრაელი ერისა.[23]
შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.[24]
რადგანაც წმიდა მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ.[25] მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთის მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ.[26] მეორეს მხრივ კი – იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი.[27]
იოსები
იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.[28]
ყოველივე ზემოთქმულის მსგავსად როდი ამბობს მახარებელი, იაკობ შვა იოსებ და იოსებ შვა იესოო, არამედ მიაწერს რა მხოლოდ ღვთისმშობელ მარიამს იესოს შობას, ამბობს: „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო..“. აქ ნათლად წარმოაჩენს, რომ იოსები არ ყოფილა მაცხოვრის ბუნებრივი მამა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეშვეობით მოევლინა ქვეყანას და იოსებს მის შობაში არანაირი წილი არ მიუძღვის, რამეთუ ძე ღმერთს ჰყავს რა ერთი ბუნებითი მამა, რომლისგანაც იშვა იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იშვება მისგან მარადჟამს. დიახ აქ მახარებელი ხაზს უსვამს მაცხოვრის ღვთაებრივ შობას ქალწული მარიამისგან და ამზადებს მკითხველს მოსასმენად იმისა თუ როგორ მოხდა ჩასახვა დაუტევნელი ღმერთისა ქალწულის წიაღში და როგორ მოხდა განკაცება მისი.
ჩდება კითხვა, თუ ქრისტეს შობა მხოლოდ ქალწული მარიამისაგან მოხდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი აღწერს იოსების გენეალოგიას და არა მარიამისას?
საქმე იმაშია, რომ ებრაული ტრადიციის მიხედვით ქორწინდებოდნენ მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები, რამეთუ მოლოდინი იყო მესიისა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, მის შთამომავალთ, იუდას და შემდეგ უკვე ღვთაებრივ დავითს, რომ მისი სახლიდან წარმოსდგებოდა ის ვისთვისაც იყო განჩინებული მოსვლა: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა”.[29] შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან. ამიტომ თუკი სიტყვებს: “სახლისაგან და ტომისა დავითისა” მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქაწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღვევდა.
გენეალოგიის დაყოფა სამ ნაწილად
ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.[30]
მახარებელი გენეალოგიას სამ ნაწილად ჰყოფს და ეს არ არის უმიზეზოდ. ამ დაყოფას საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში:
პირველი – აბრაამიდან დავითამდე პერიოდი მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს და დავით მეფის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელები პატრიარქების, წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მმართველობის ქვეშ იყვნენ.
მეორე – ეს პერიოდი მოიცავს მეფეთა დროს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, როდესაც დაიწყო ბაბილონში გადასახლება ანუ ტყვეობა.
მესამე – ხოლო ეს პერიოდი უკვე დროა, როდესაც ებრაელი ერი ცდილობს დამოუკიდებლობის აღდგენას და მათ ხელმძღვანელობენ მღვდელმთავრები მაცხოვრის გამოჩენამდე.
„წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა – 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2.მეფობის პერიოდი და 3.მღვდელმთავართა პერიოდი, რომელებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წიინასწარმეტყველებაა მის შესახებ.“[31]
მათე და ლუკა მახარებლების მიერ გადმოცემულ გენეალოგიათა განსხვავებების შესახებ
ზოგიერთები კითხულობენ: რატომაა, რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელისას? ვინაიდან შეუძლებელია, ამბობენ, ერთი და იგივე ორი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელისად – სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლი შვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო. ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო (II სჯ. 25, 5-6), თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისაგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ – ის ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია; ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისთვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.[32]
[1] წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, საუბარი მე-3
[2] მათე 1,1
[3] ეს. 1,1
[4] ეს. 2,1
[5] ნეტ.თეოფილაქტე ბულგარელი – განმარტება მათეს სახარებისა თავი 1 გვ.12
[6] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.504
[7] მათე 1,21
[8] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.504
[9] ნეტ.თეოფილაქტე ბულგარელი – განმარტება მათეს სახარებისა თავი 1 გვ.12-13
[10] ესაია 61,1
[11] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.504-505
[12] მათე 1,1
[13] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.505
[14] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.505
[15] მათე 1,2-6
[16] წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, საუბარი მე-3, გვ.21
[17] წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, საუბარი მე-3, გვ.22
[18] წმიდა იოანე ოქროპირი… გვ.22
[21] III მეფ. 21,21; და IV მეფ. 9,7
[22] II ნეშტთა, თ.36
[23] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.506-507
[24] მათე 1,12-16
[25] მათე 13,55; ლუკა 4,22; იოანე 6,42;
[26] შდრ. დაბად. 29,21; II სჯული 22,23-24;
[27] მათე 1,20
[28] მათე 1,16
[29] დაბ. 49,10
[30] მათე 1,17
გამოყენებული ლიტერატურა:
- წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, გამომცემლობა: „ალილო“ (2009წ.)
- ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი – მათეს სახარების კომენტარები, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა (2005წ.)
- მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება – ფოთის ეპარქიის გამოცემა (2001წ.)